четверг, 31 января 2019 г.

ხუთი აუცილებელი ნივთი

კლასის საათზე ჩემს მოსწავლეებს ვაჩვენე ნაწყვეტი ფილმიდან „საიდუმლო კუნძული“, რომელიც ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი მიხედვითაა გადაღებული. ყურადღება გავამახვილეთ კადრზე, სადაც პერსონაჟები საჰაერო ბურთით ცდილობენ თავი დააღწიონ განსაცდელს. ნაწყვეტის ნახვის შემდეგ მოსწავლეებს მივეცი დავალება: თქვენ რომ გიწევდეთ სამოგზაუროდ საჰაერო ბურთით წასვლა  რომელ 5  ნივთს წაიღებდით?
ფიქრის შემდეგ, ყველა მოსწავლემ თავიანთ სამუშაო ფურცლებზე ჩამოწერეს ის 5 აუცილებელი ნივთი რაც ჩათვალეს საჭიროდ. ყველამ წაიკითხა და განმარტა რატომ წაიღებდნენ ამა თუ იმ ნივთს. განმარტებისას იყო მსჯელობა და აზრთა სხვადასხვაობა. ამის შემდეგ მივეცი დავალება- თქვენი საჰაერო ბურთი განიცდის კატასტროფას და შესაძლებელია უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდეთ, ვთხოვე თავიანთი 5 ნივთიდან აერჩიათ ის  2 ნივთი,  რომელიც ყველაზე მეტად გამოადგებოდათ.
კვლავ მოხდა ჩამოთვლილი ნივთების განხილვა და მსჯელობა რამდენად გამართლებული იყო მათი ნააზრევი. ბოლოს თავიანთი სამუშაო ფურცლები დაფაზე გააკრეს.

  როდესაც მოსწავლეები მხიარულად მსჯელობდნენ ჩართულნი იყვნენ აქტივობაში ვთხოვე სიჩუმე შეენარჩუნებინათ, რადგან შევეხებოდით ძალიან მძიმე თემას. ამ დროს კლასში სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა , რადგან მძიმე თემის გაგონებამ უფრო გაუმძაფრდათ ინტერესი. საკითხი დავუკავშირეთ საქართველოს უახლეს ისტორიას-1993 წლის 27 სექტემბერს  სოხუმის დაცემას, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მარცხია, ვისაუბრეთ მოსახლეობის მიერ მიტოვებულ სახლ-კარზე, სოხუმიდან, ოჩამჩირედან და გალიდან გამოქცეულმა ათასობით ქართველმა თუ როგორი გზა გამოიარა ჭუბერის უღელტეხილით, რათა სამშვიდობოს გასულიყვნენ. ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ  უმეტესობას ფეხით მოუწია იმ ყინვიან მთებში გადაადგილება, აღვნიშნეთ, რომ ბევრი მათგანი ამ განსაცდელს მოუმზადებელი შეხვდა. ბევრს  თავიანთი შეკრული ბარგის გზად მიტოვებაც  მოუხდა, რათა გზის გაგრძელება შეძლებოდათ.  რთული აღმოჩნდა ამ თემაზე საუბარი, ცრემლმა და ტკივილმა შეცვალა ჩემი ბავშვების 10 წუთის უკან მიღებული ემოცია, მაგრამ ვფიქრობ, ამ აქტივობით, საუბრითა და მაგალითების მოყვანით შევძელი ჩემი მოსწავლეების დაინტერესება საქართველოს უახლესი ისტორიით.  ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ერთმანეთის გვერდითდგომით ბევრი დაბრკოლების და ტკივილის გადატანა შეგვიძლია. 


Комментариев нет:

Отправить комментарий

9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

    9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...