პირველი შეხვედრა ახალ კლასთან და მოსწავლეების გაცნობა საინტერესო, საპასუხისმგებლო და არც თუ მარტივი ამოცანაა. არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილი მასწავლებელი შედის ახალ კლასში თუ ახალბედა ეცნობა პირველად მასწავლებლის პროფესიას და თავის მოსწავლეებს.
როცა გავიგე რომ სადამრიგებლო კლასი (მე-5) უნდა ჩამაბარონ, რა თქმა უნდა გამიხარდა, მაგრამ ამასთანავე ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა და არ დაგიმალავთ ოდნავი შიშიც.
სადამრიგებლო კლასთან ურთიერთობა, მოსწავლეთა შესახებ ყველაფრის ცოდნა, მათთან ქცევის წესების ჩამოყალიბება ხომ ძალზედ მნიშვნელოვანია ნებისმიერი დამრიგებლისთვის. დამრიგებელზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავს სიტუაციას, როგორ სიყვარულს და პატივისცემას დაიმსახურებს... ის პატარა შიშიც სწორედ ამ ურთიერთობის დამკვიდრების საკითხიდან გამომდინარეობს: გამოუვა თუ არა მას ყველაფერი? იქნება თუ არა იგი ის მასწავლებელი, რომელიც ეყვარებათ, პატივს სცემენ, ჩათვლიან თუ არა მას უფროს მეგობრად?.. გადავწყვიტე შიში გვერდზე გადავდო და მოსწავლეებთან შესახვედრად მოვემზადო.
რა თქმა უნდა კლასში შესვლამდე გავეცანი კლასის სრულ შემადგენლობას „დაუსწრებლად”. გავესაუბრე იმ პედაგოგებს, რომლებიც ასწავლიდა კლასს: ხომ არ აქვს რომელიმე მოსწავლეს რაიმე სპეციალური საჭიროება, ხომ არ არის საჭირო ინდივიდუალური გეგმის შედგენა რომელიმე მოსწავლისთვის, რა ინტერესები აქვთ მოზარდებს, უყვართ თუ არა კითხვა, რა ლიტერატურას კითხულობენ ინტერესით – შევეცადე დაწყებითი კლასის დამრიგებლიდან ამომწურავი ინფორმაცია მიმეღო.
დავიწყე მზადება და თავში უამრავი იდეა მომდის. ვეღარ გავიგე რომელი მათგანი ავირჩიო. ყველაფერი მინდა განვახორციელო, რომ მათი თვალები გაოცებითა და სიყვარულით ავანთო, რომ ეს დღე არასდროს დაავიწყდეთ... რა ვქნა მეც ვოცნებობ, მეც ვფიქრობ, მეც დავფრინავ ზოგჯერ...
Комментариев нет:
Отправить комментарий