вторник, 25 июня 2019 г.

ექსკურსია გურიაში 21 ივნისი 2019 წელი (მე-6 კლასი)

მშობელთა კრებაზე მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ ექსკურსია გურიის მიმართულებით: ჯიხეთის დედათა მონასტერი, ჩოხატაური-ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი, ოზურგთი-მუსიკოსებისა და მინიატურების პარკი. ექსკურსიის მიზანი -  ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა, ისტორიული ადგილების თუ თანამედროვეობის მნიშვნელოვანი სიახლეების მონახულებასთან ერთად დასვენების, გართობისა და ერთმანეთთან დაახლოების ატმოსფეროს შექმნა.
ექსკურსიაზე წასვლამდე მოსწავლეებს წინასწარ დავავალე კიდევ ერთხელ გადაეხედათ ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიასა და შემოქმედებისათვის. იმ დღისთვის მათთვის წინასწარ მოვამზადე კითხვები, რომელსაც გზაში, დანიშნულების ადგილამდე მისვლამდე გამოვიყენებდი, თან დავადგენდი რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდნენ მასწავლებლის დავალებას. 21 ივნისს გეზი ავიღეთ გურიისაკენ. ტრანსპორტშივე ემოციების დაცხრომის შემდეგ ჩემ ბარტყებს შევთავაზე სახალისო ბარათები, რომელზედაც დატანილია ყვავილების სახელწოდებები, ხოლო მის გასწვრივ შეკითხვები, სახალისო ფრაზები ან რეპლიკები. ბარათებს „ფლირტი“, ანუ „ყვავილების ენა" ჰქვია და აღმოსავლური (სპარსული) თამაშებს მიეკუთვნება, თუმცა ჩვენ ეს ბარათები ერთმანეთის გასახალისებლად გამოვიყენეთ, დაშიფრული სიტყვებით გავაბით ერთმანეთთან საინტერესო და სახალისო დიალოგი.


ამის შემდეგ ჯგუფებად გავიყავით და მოსწავლეებს შევთავაზე წინასწარ მომზადებული კითხვები ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიიდან. ჩემმა ბარტყებმა გამაოცეს <3 მათმა აქტიურობამ ზენიტს მიაღწია. მადლობა მათ დიდი პასუხისმგებლობისა და მონდომებისთვის <3



ნელ-ნელა და ასე გართობით ვეწვიეთ ჯიხეთის დედათა მონასტერს, რომელიც ლანჩხუთის რაიონის სოფელ სამება-ჯიხეთში მდებარეობს. მოვინუსხეთ ძალიან ლამაზი ბუნებითა და საოცრად მოვლილი ეკლესის ხილვით. გავიგეთ, რომ გურიის დედათა მონასტრის დიდებული ტაძარი სახელგანთქმულმა ხუროთმოძღვარმა, ილარიონ მენაბდემ ააგო. ტაძრის მშენებლობა 1895 წელს დასრულდა. მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ და საოჯახო საქმესაც, ხელგარჯილობასაც. სავარაუდოდ ჯიხეთის მთაზე ერთ დროს ციხე იყო აღმართული, რადგან „ჯიხა“ ზანურად ციხეს ნიშნავს. ზეპირი გადმოცემის თანახმად ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა, თუმცა XIX საუკუნეში უკვე ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. 1886 წელს ჯიხეთის ტერიტორიაზე დასახლდა მონაზონი ელენე მგალობლიშვილი. თავადმა მაჭუტაძეებმა მონაზვნებს მიწები შესწირეს. მათ 1893 წელს სინოდისგან ტაძრის მშენებლობის უფლება მოიპოვეს და 1896 ილარიონ მენაბდის თაოსნობით ააშენეს მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ქვის ტაძარი. ელენა იყო მონასტრის წინამძღვარი 1896 წლიდან 1914 წლამდე. მონასტერში სადაც მოვილოცეთ საოცარი სურნელი ტრიალებდა, ეს იყო მიწის, ბალახის, სურნელოვანი ეთერზეთებისა და სანთლის ნაზავი, რომელიც ასე ლამაზად ერწყმოდა ამ დიდებულ ტაძარს.


   საინტერესო აღმოჩნდა ლეგენდა ჯიხეთის მონასტრის ადგილმდებარეობის შესახებ: ჯიხეთის მთაზე, მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იმ ადგილას, სადაც მტრედები დაფრინდნენ, აუშენებიათ ახალი მონასტერი. მონასტრის ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, თუ რა მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ აქაურ დედებს ათონის იოანე მახარებლის სახელგანთქმულ მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა იონამ, სამება-ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთთისმშობლის ხატი გამოუგზავნა. საოცარი შთაბეჭდილებებით განვაგრძეთ გზა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმისკენ. სოფელ ზენობანში მისვლამდე, ვიდრე მშობლები სადილს ამზადებდნენ ჩვენ სპორტით დავკავდით და სხვადასხვა აქტივობები განვახორციელეთ.

 
ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი
ჩოხატაურის რაიონის ამ ულამაზეს სოფელში გაიზარდა ჩვენი საყვარელი მწერალი. მისი სახლის კარი, დღეს უკვე სახლ-მუზეუმია და ყველასთვის ღიაა. მუზეუმის ეზოში გულთბილად გვიღიმიან ჩვენთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟების ქანდაკებები - ზურიკელა, ბებია, ილიკო, ილარიონი და მურადა. სურვილი გიჩნდება ყველას მოეფერო და ჩაეხუტო . ჩვენც მათთან ერთად ვიპოზიორეთ.


 მუზეუმის ხის კედლები მორთულია მწერლის სურათებითა და მისივე ხელით შექმნილი ნახატებით, რომელიც უკვე ისტორიულ კუთვნილებას წარმოადგენს. აქ ძირითადად დაცულია მწერლის (1928-1984წწ) ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები:ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, სახვითი ხელოვნებისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები, გამოცემები,პირადი ნივთები... აღსანიშნავია ის, რომ 1988 წელს, საქართველოს მტავრობისა და მინისტრთა საბჭოს დადგენილებით გადაწყდა მწერლის მშობლიურ სოფელ ხიდისთავში (ზენობანი)სახლ-მუზეუმის აშენება. მწერალს სიცოცხლეშივე სურდა მამისეულ სოფელში სააგარაკო სახლის აშენებადა შესაბამისი არქიტექტურული იერსახეც ჰქონდა გონებაში მოხაზული, მაგრამ არ დასცალდა. მწერლის მეგობარმა დავითაიამ კარგად იცოდა თუ როგორი სახლის აშენება სურდა სასიქადულო მწერალს და მისი ოცნება სისრულეში მოიყვანა. მან პროექტის მუშაობისას მაქსიმალურად გაითვალისწინა მეგობრის სურვილები. 



 მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლში მწერალს ერთი დღეც არ უცხოვრია და ამ ულამაზეს ეზოში ერთხელაც არ გაუვლია, ყველგან იგრძნობოდა მწერლის გულიდან გადმოღვრილი დიდი სითბო. 

 დიდი შთაბეჭდილებებით დატვირთულებმა გზა განვაგრძეთ წვერმათალას ტყე-პარკისაკენ. 

წვერმაღალას ტყე-პარკი




პარკი 4 ჰექტარისაა, ის ორიარუსიანია. პირველ იარუსში შეგვხვდა გიგანტური ჭაობის კვიპაროსები, ტიტა, ქაფურის ხე, ევკალიპტები, ბა,ბუკის ხეივანი და ხელოვნური ტბა. ეს ის ტბაა, რომელიც სიცოცხლეში არ დამავიწყდება (იციან ჩემმა ბარტყებმა და მშობლებმა რატომაც :) ;)  ) ტბის ირგვლივ კედრის ჯიშის ხეები და ტირიფები დგას, წყალში კი ულამაზესი დუმფარის ყვავილებია. ტბა იმდენად ლამაზია, შეიძლება მასში ბანაობის სურვილიც გაგიჩნდეს :) ;) , თუმცა სახიფათოა და თავი უნდა შეიკავოთ :) აქვეა დასასვენებელი სახლი და კოხტად მორთული ფანჩატურიც





ტყე-პარკის მონახულების შემდეგ აუცილებლობამ მოითხოვა ბავშვები გაგვეგრილებინა და ამიტომ მცირე ხნით ზღვის მოფერება გადავწყვიტეთ.


ჩემი ბარტყების ჟრიამულმა ზღვის ნაპირს კიდევ უფრო შეჰმატა სილამაზე და ხალისი. აქვეა მშობლები, პედაგოგები, წითელ სამოსში გამოწყობილი მაშველები, თუმცა ჩემ პატარებს არ სჭირდებათ მითითებები, რადგან იციან და იცავენ ყველანაირ ნორმებსა და ქცევის წესებს.



მალევე გავუყევით გზას შეკვეთილისაკენ, უნდა მოვინახულოთ მუსიკოსების პარკი. 

მუსიკოსების პარკი

 არა მხოლოდ უნიკალურია თავისი სივრცული მოწყობით, არამედ იქ დგას ცნობილი მუსიკოსების ქანდაკებები, რომლებსაც, როცა მიუახლოვდებით, თითოეული ქანდაკებიდან, იმ მუსიკოსის მიერ შექმნილი ყველაზე ცნობილი, შესანიშნავი მელოდიები ისმის.

"მუსიკოსების პარკი" მდებარეობს Black sea arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. პარკში გამოყოფილია სკვერები, სადაც ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ძეგლებია და მიმდებარე ტერიტორიაზე მათი სიმღერებისა და მუსიკის მოსმენაა შესაძლებელი. მათ შორისაა ზაქარია ფალიაშვილის ჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, ევგენი მიქელაძის, ბიბი კინგის, რეი ჩარლზის, ფრენკ სინატრას, ჯიმი ჰენრიქსის, მაიკლ ჯეკსონის, უიტნი ჰიუსტონის, ედიტ პიაფისა და სხვა ცნობილი მუსიკოსების სკულპტურები.


 აქვეა მომღერალი შადრევნები, სადაც ჩემმა ბარტყებმა მათთან ერთად იცეკვეს და იმხიარულეს. 




 სულ ბოლოს ვესტუმრეთ უნიკალურ მინიატურების პარკს, რომელიც მდებარეობს შეკვეთილში ატრაქციონების პარკის "ციცინათელას" გვერდით. აქ წარმოდგენილია საქართველოს 50-მდე კულტურულ-არქიტექტურული ძეგლების მინიატურები. ეს კომპლექსი მოიცავს მთლიან პარკს, თავად მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს. აღნიშნული პარკი დიდ შთაბეჭდილებას და აღფრთოვანებას ტოვებს მნახველში. ნანახით აღფრთოვანებულები, ჩვენ ყველა ერთად შევთანხმდით, რომ ეს  არის მართლაც ღირშესანიშნავი პარკი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის და, რა თქმა უნდა, ტურისტებისთვის.



ჩვენი დაგეგმილი ექსკურსიით შესანიშნავად გავერთეთ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი ჩვენ ულამაზეს ქუთაისში. ეს იყო ემოციებითა და კარგი შთაბეჭდილებებით სავსე ექსკურსია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი სკოლის დირექციას, მოსწავლეებს და განსაკუთრებულ მადლობას ჩემი უნიკალური ბარტყების  უნიკალურ მშობლებს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий

9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

    9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...